„სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და საკანონმდებლო დონეზეც უნდა გასწორდეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევებიდან პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სამაგიდო სიებზე წვდომა გამოყო.
რაც შეეხება კოორდინატორების თემას, მინისტრს მიაჩნია, რომ პოლიტიკური აქტივიზმი არ აიკრძალოს უბანთან მიმდებარე ქუჩებზე თუ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება.
„სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლებს, განურჩველად იმისა, იყო ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ჰქონდათ ზოგიერთ უბანზე წვდომა. ამას ალბათ, საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად, მე არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური აქტივიზმი ასევე უნდა აიკრძალოს უბანთან მიმდებარე ქუჩებზე თუ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირდებოდა, რაც გამოიხატებოდა პარტიების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან მისული ამომრჩევლების პირადი მონაცემების შეგროვებასა და აღრიცხვაში. ასეთი ქმედებები თბილისის თითქმის ყველა იმ უბანზე დაფიქსირდა, რომელსაც ჩვენი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ", - ამის შესახებ განცხადება გუშინ, 22 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაავრცელა.