ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია.
მსოფლიოში აღიარებული ავტორ შემსრულებლის კონცერტს კლასიკურ დარბაზში 3 ნოემბერს დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრება.
ამ დროისთვის ისევ იყიდება 31 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. (ბილეთების შეძენა ფილარმონიის სალაროებშიც არის შესაძლებელი. ფასი: 200 ლარიდან )
ისლანდიელი მუსიკოსის მოსასმენად თბილისს მსმენელი სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევიან. მათ შორის ბილეთები ისეთ ქვეყნებშიც გაიყიდა, როგორიცაა მადაგასკარი და მავრიტანია. ასევე - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ჩინეთი და იაპონია.
ორივე კონცერტზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე „პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც. კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU-ა და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS-ია.
SOU - არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს. არაცნობიერის ნაკადი კი, ის მუსიკაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ცნობიერი წესრიგიდან, გაუკვალავ სმენად ველში გადავყავართ. ფესტივალის მთავარი ინტერესები მუსიკალური ექსპერიმენტები, ხმის კვლევა, ახალი გამოწვევები და მეთოდებია მუსიკალურ თვითგამოხატვასა თუ ვიზუალურ რეპრეზენტაციაში, რაც კულტურული მეხსიერების გაღვიძებასა და ახალი სრულიად ახალი სააზროვნო სივრცის გახსნას ემსახურება.