სტუდია „მონიტორმა“ კომპანიაზე, რომლის 15% წილის მფლობელი და დირექტორი პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის ძმა - ივერი ქუცნაშვილია, ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.
სტუდია „მონიტორის“ გამოძიების მიხედვით, კომპანიას, რომლის დირექტორიც იბერი ქუცნაშვილია, 2015 წლის 15 იანვარს პრემიერის დადგენილებით, რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე 6 ჰექტარი მიწა ერთ ლარად გადაეცა.
ასევე კომპანია „რებასმა“ 150 ათასი დოლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. კრედიტის გარკვეული პროცენტი სახელმწიფომ დაფარა.
შეღავათების სანაცვლოდ, კომპანიას ბაზალტის ალმატურის საწარმო უნდა აეშენებინა და ჯამში 1444 136 ლარის ინვესტია განეხორციელებინა.
ინვესტიციის საერთო მოცულობის ნაწილი, კერძოდ, 241 000 ლარი კომპანიას პირველ წელს უნდა დაეხარჯა, თუმცა ინვესტიცია კომპანიამ ვადებში არ განახორციელა.
ინვესტიციის პირველი ვადის დარღვევის გამო, კომპანია 33 104 ლარით დააჯარიმეს; კომპანიამ ჯარიმა არ გადაიხადა და სააგენტოს პირგასამტეხლოს გაუქმება მოსთხოვა.
ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს გაუქმებაზე კომპანიას უარი უთხრა. რის შემდეგაც კომპანიის დირექტორმა, ივერი ქუცნაშვილმა წერილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა
პრემიერმა 12 დღეში შეუსრულა თხოვნა. მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვით, კომპანიას შეუსრულებელი ვალდებულებების პირგასამტეხლო ეპატია და ინვესტიციის ვადა გაუხანგრძლივდა.
შეასრულა თუ არა „რებასმა“ საინვესტიციო ვალდებულებები?
სტუდია „მონიტორის“ ფილმის მიხედვით, შპს „რებასმა“ გარკვეული დროის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა აუდიტორული დასკვნა, შესრულებული ვალდებულებების შესახებ. შეასრულა თუ არა „რებასმა“ საინვესტიციო ვალდებულებები უცნობია, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ სტუდია „მონიტორს“ აუდიტორული დასკვნა არ მიაწოდა.
აუდიტორული დასკვნის გადაღების უფლება სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტს არც ივერი ქუცნაშვილმა მისცა, თუმცა აჩვენა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შენობის აშენება და დანადგარების შეძენა მილიონ-ნახევარი ლარი დაჯდა.