
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებს ასაჩივრებს. საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თიანეთში არჩევნების დღეს წარმართული პროცესები დიდ ეჭვს აჩენს, რომ კენჭისყრის შედეგები მიზანმიმართულად შეიცვალა. „ძალიან საეჭვოდ მოხდა 24 ბათილი ბიულეტენიდან ხუთის ნამდვილად ცნობა, რამაც გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი.“ - თქვა ნაცვლიშვილმა თამაზ მეჭიაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მეჭიაური თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში 1 ხმით იგებდა, მაგრამ ხმების გადათვლის შემდეგ გამარჯვება 4 ხმით „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს დარჩა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გადათვლა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ნამდვილად ცნობა, დაიწერა წესის დარღვევით და დაუსაბუთებელი იყო. ამიტომ მისი დაკმაყოფილება, ნაცვლიშვილის აზრით, ძალიან უცნაურია. „ასევე სტანდარტების დარღვევით წარიმართა ოლქში განხილვა და სწორედ ამ განხილვის შემდეგ შეიცვალა შედეგები. სრულიად გაუგონარი და მიუღებელი ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესი წარიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც საოლქო კომისიის წევრსაც კი არ უშვებდნენ.“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ყველა წესისა და სტანდარტის დარღვევით, დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბიულეტენების „მკვდრეთით აღდგომა“ - ასე ვიტყოდი და სწორედ ამას ვასაჩივრებთ ჩვენ სასამართლოში.“ - თქვა ნაცვლიშვილმა. მისი აზრით, პროცესები, რომელიც იმ დღეს წარიმართა, სრულ წინააღმდეგობაშია იმ პრაქტიკასთან, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ. იქნება ეს საჩივრის პროცედურები თუ ხმების გადათვლა არაერთ უბანზე. „ეს გარემოებები ძალიან სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ აქ იყო ჩარევა და მიზანმიმართული მოქმედება, რათა შეცვლილიყო არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში.“ - თქვა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე.
თამაზ მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. თიანეთის მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა, მედიას, პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ თიანეთში წარმართულ პროცესებს ყურადღება მიაქციეს. „სტრატეგიულად, არც თუ ისე დიდი მნიშვნელობის რაიონში ჩატარებულმა არჩევნებმა ასეთი რეზონანსი რომ გამოიწვია, ეს თქვენი დამსახურებაც არის [მედიის] და პოლიტიკური ძალებისაც არასამთავრობოებთან ერთად.“ - თქვა მეჭიაურმა პრესკონფერენციაზე.
თამაზ მეჭიაურმა თიანეთში წარმართულ პროცესებში მმართველი პარტიიდან პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილი დაადანაშაულა. მისი თქმით, თიანეთში დეპუტატს ფინანსური ინტერესები აქვს და არჩევნების შედეგების შეცვლა მისი ჩარევით მოხდა.