Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უვადო მოსამართლედ ვერ დაინიშნა კანდიდატი, რომელმაც შეფასებისას სხვებზე მაღალი ქულა მიიღო

25 ოქტომბერი, 2017 18:14

„შეიქმნა ისეთი პარადოქსული სიტუაცია, რომ უვადო მოსამართლედ ვერ დაინიშნა კანდიდატი, რომელსაც კომპეტენტურობის კრიტერიუმში საკმაოდ მაღალი შეფასება ჰქონდა“, - ამის შესახებ „ლიბერალს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა. 

მისი შეფასებით, ეს საკითხი კითხვის ქვეშ დგას, რადგან, თუკი ადამიანი იღებს საკმარის ქულას იმისთვის, რომ უვადოდ დაინიშნოს მოსამართლის თანამდებობაზე, მაშინ რაღას ვუწუნებთ მას. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, იყვნენ სხვა კანდიდატები, რომლებმაც კეთილსინდისიერების კრიტერიუმში უფრო დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ. 

საუბარია რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების უვადო გამწესებაზე. კენჭისყრის ეტაპამდე 38 კანდიდატი მივიდა, რომელთაგან საბჭომ უვადოდ 34 გაამწესა. იმისთვის, რომ ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდეს, მას სამოსამართლეო საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თუკი მან სხვა კრიტერიუმებიც დააკმაყოფილა, ის საბჭოს წინაშე გასაუბრებაზე წარდგება. შემდეგ საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეაფასებენ. კანდიდატები, რომლებიც 70 ქულაზე მეტს მიიღებენ, კენჭისყრაში მონაწილეობა შეეძლებათ, თუმცა კანონი არ ადგენს, არის თუ არა განსხვავება იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც 100-დან 71 ან 95 ქულა მიიღეს. ამ შემთხვევაში გაურკვევლობა სწორედ ამან გამოიწვია. თანაც საბჭოს წევრებს შეფასების დასაბუთების ვალდებულება არ აქვთ. ამიტომ გაუგებარია, რატომ შეაფასეს კანდიდატი დადებითად ან უარყოფითად. 

„შეფასების ქულები და მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთს არ ემთხვევა. შეიძლება საზოგადოებამ ისიც მიიჩნიოს მიზეზად, რომ საბჭოს წევრები ქულების დაწერის საკითხს ზერელედ უდგებიან. მაგრამ არ ვიცი, რა არის ამის რეალური მიზეზი. შეიძლება დადებითადაც შევხედოთ, რომ ჯერ შეფასებაა და მერე გადის კენჭისყრაზე. ჩემი აზრით, ეს ცუდი არ არის. მაგრამ პარადოქსული ვითარება რომ იქმნება, ეს უკვე  აჩენს კითხვებს, რომ ხომ არ ჯობია, სხვაგვარად იყოს ეს დარეგულირებული“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი. 

იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების შემდეგ ავტომატურ დანიშვნას მხარს არ უჭერს, მაგრამ, ამბობს, რომ ისიც უნდა გამოირიცხოს, რაც მოხდა. მისი განმარტებით, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებები დასაბუთდება და მაღალი ქულის მქონე კანდიდატებს პრიორიტეტი მიენიჭებათ. 

„ცუდი არ იქნებოდა, თუ ნებისმიერი შეფასებისას დავასაბუთებდით, რატომ დავწერეთ ეს შეფასება. ეს უფრო გამჭვირვალესაც გახდიდა პროცესს და ვისაც აფასებ, მის მიმართაც უფრო მეტად ანგარიშვალდებული იქნებოდი. ჩემთვის ეს დამატებითი ვალდებულების აღებაა, მაგრამ რასაც ვფიქრობ და რამაც მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს ქულა დავწერე, ამის დასაბუთება რთული არ უნდა იყოს არავისთვის“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^