Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაია ბაქრაძე: მოსამართლეების დანიშვნის პროცესიდან კენჭისყრა უნდა ამოვარდეს

25 ოქტომბერი, 2017 18:51

მოსამართლეობის კანდიდატების განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება, იუსტიციის სკოლისა და საბჭოს უფლებამოსილებების აღრევა, მოსამართლეთა შეფასება, გადაწყვეტილების დასაბუთება და კენჭისყრა - „მოსამართლეთა ერთობამ“ მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე კვლევის პრეზენტაცია გამართა. 

ორგანიზაციის შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი მოსამართლეების განსხვავებული წესით დანიშვნაა. უფრო კონკრეტულად კი, თუკი ადამიანს მოსამართლეობა სურს, მან ჯერ გამოცდა უნდა ჩააბაროს, შემდეგ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის 10-თვიანი კურსი გაიაროს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, იუსტიციის საბჭოს წინაშე წარდგეს. საბჭოს წევრები ყველა მსურველს ინდივიდუალურად გაესაუბრებიან და შეაფასებენ, შემდეგ კი კენჭს უყრიან. ამ კანდიდატებისგან განსხვავებით, ყოფილი მოსამართლეები გამოცდისა და სკოლაში სწავლისგან თავისუფლდებიან, თუკი მათი უფლებამოსილების ამოწურვიდან 10 წელზე ნაკლები გავიდა. მაგრამ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისთვის ეს 10-წლიანი ვადაც არ არსებობს. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს გავიდნენ საბჭოს წინაშე გასაუბრებაზე. 

„მათი უფლებამოსილების ამოწურვიდან რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული, მათ არც გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აქვთ და არც სკოლაში სწავლის. ამ მოსამართლეებს შეუძლიათ, პირდაპირ კონკურსის ეტაპს შეუერთდნენ და გასაუბრებაზე გავიდნენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ შესაძლოა, მათ არც ადრე ჰქონდეთ ჩაბარებული ეს გამოცდა, რადგან ისინი პარლამენტმა დანიშნა. ამიტომ გამოდის, რომ უვადოდ შეიძლება გამწესდეს მოსამართლე, რომელსაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ აქვს. თანაც კანონით არაა გამყარებული, რატომ არის საჭირო კანდიდატების ასეთ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება“, - აცხადებს „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარე მაია ბაქრაძე „ლიბერალთან“ საუბრისას. 

კვლევის თანახმად, კიდევ ერთი პრობლემა საბჭოს გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობაა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საბჭოს წევრს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ აქვს. კანდიდატი სულ 2 კრიტერიუმით ფასდება. ესენია კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. კეთილსინდისიერებისას საბჭოს წევრი აფასებს, კანდიდატი არ არის კეთილსინდისიერი, არის თუ სრულად კეთილსინდისიერია. კომპეტენტურობა კი რამდენიმე ქვეკრიტერიუმით ფასდება. ჯამში კანდიდატმა 70 ქულა უნდა მოაგროვოს, რომ კენჭისყრაზე გავიდეს. მაგრამ საბჭოს წევრები არ ასაბუთებენ, ვის რატომ დაუწერეს უარყოფითი ან დადებითი შეფასება. ეს კი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ბუნდოვანს ხდის. 

მაია ბაქრაძისთვის კითხვის ქვეშ დგას კენჭისყრის საკითხიც. მისი განმარტებით, თუკი გასაუბრებისა და შეფასების ეტაპზე ადამიანი მოწონებას დაიმსახურებს და მაღალ ქულას მიიღებს, მას ცალკე კენჭისყრა აღარ სჭირდება. ეს წესი მხოლოდ ერთნაირი ქულების მქონე კანდიდატების შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს.

„მე იმას არ ვამბობ, რომ საჩქაროდ უნდა დაინიშნოს ყველა. მაგრამ რადგან არ გვისაბუთებენ, ვის რატომ ნიშნავენ და რატომ არა, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს წევრებმა პირადი მოსაზრებებით მიიღეს მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილება. ბოლო გამწესებისას კენჭისყრა რომ არ ყოფილიყო, მაღალი ქულის მქონე კანდიდატს მოსამართლედ დანიშვნა არ უნდა გასჭირვებოდა“.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის უფლებამოსილებებია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის სკოლას უგზავნის სიას, რამდენი ადამიანის მომზადება სჭირდება. სკოლის დამოუკიდებელი საბჭო ამტკიცებს, რამდენის მომზადების რესურსი აქვთ მათ. ამის შემდეგ კანდიდატებს საბჭო არჩევს. მაგრამ მას ამ შერჩევის კრიტერიუმებს, წესებსა და პროცედურებს სკოლა უდგენს. მაია ბაქრაძის განმარტებით, არ არის რელევანტური, რომ საბჭო სკოლის დადგენილებებით ხელმძღვანელობდეს. იმიტომ, რომ სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, საბჭო კი კონსტიტუციური ორგანო. 

„საბჭომ მხოლოდ სკოლის მსმენელთა რაოდენობა უნდა განსაზღვროს, ანუ დაადგინოს, რამდენი კანდიდატი სჭირდება. დანარჩენი მერე სკოლამ უნდა გააკეთოს და სკოლის მსმენელთა საბოლოო შეფასებაზეც აიღოს პასუხისმგებლობა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^