გუშინ ჟურნალისტმა კახა კენკიშვილმა Facebook-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სამთავისის ტაძარზე გაყვანილი მილია აღბეჭდილი. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული მილი საწვიმარი „ჟოლობია“, რაც ნაგებობისთვის საჭიროა.
სააგენტოს ინფორმაციით, საწვიმარი მილის დამონტაჟება 2012 წლის სარეაბილიტაციო პროეტით გათვალისწინებული ელემენტია და სანებართვო საბჭოს მიერ არის დამტკიცებული.
სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ ფასადზე თეთრი მეტალოპლასტმასის მილი ნამდვილად იყო დამონტაჟებული, თუმცა მონიტორინგის ჩარევის შედეგად მოხსნეს.
მათივე ინფორმაციით, 2012 წლის რეაბილიტაციის შედეგად გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა:
„სამთავისის გადახურვის კონსტრუქციაზე, სახურავიდან რამდენიმე კრამიტი ჩამოვარდნილია და წყლის ჩადინების საშიშროებას ქმნის და ამ დღეების გეგმაში გვაქვს, რომ კიდევ ერთი მონიტორინგის მისია შედგეს, შევადგინოთ გადაუდებელი სამუშაოების ნუსხა და მოახლოებული ზამთრისთვის ხარვეზი მაქსიმალურად იოლი გზებით გამოვასწოროთ“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში