საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა (GCSD) საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. GCSD-ის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა უკრაინასა და მოლდავეთთან ურთიერთობების გაღრმავება, რადგან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, როგორც წესი, მიმართულია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ რეგიონის ინტეგრაციისკენ. ამიტომ ამ ქვეყნებთან ეკონომიკურ და სხვა საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება, ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება გახდეს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
დისკუსიის დროს, ამ ეტაპზე, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება მიზანშეუწონლად მიიჩნია „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა. მისი თქმით, ეს შეიძლება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, მაგრამ ამის ნაცვლად, მისი თქმით, საჭიროა, ქვეყანამ დაიწყოს ფუნქციური ინტეგრაცია, რაც გულისხმობს ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, განათლების სისტემის დაახლოებას, სამეცნიერო თანამშრომლობას. როგორც გოგოლაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოგაერთიანებაში ჩართვა, რისთვისაც შეიძლება საერთაშორისო კრედიტებისა და გრანტების აღებაც.
ღონისძიებაზე ევროკავშირთან დაახლოების შესახებ დისკუსიაში კახა გოგოლაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის ხედვა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე თანხვედრაშია. მისი თქმით, საჭიროა პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, თუმცა ასოცირებული წევრები ევროკავშირის მხრიდანაც მეტი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდნენ. ეს საკითხი, ჯანელიძის თქმით, ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებთან უკვე დააყენა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და GCSD-ის დირექტორი ლევან დოლიძე, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა - არასაკმარისად. „მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ეფექტიანი და დროში გაწერილი სტრატეგია, რომელშიც დეტალურად იქნება აღნიშნული ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის.“ - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან დოლიძემ.