Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაური": პავლიაშვილი პოლიციის გულგრილობის და გადამეტებული ძალის მორიგი მსხვერპლია

01 ნოემბერი, 2017 12:40

„მიგვაჩნია, რომ მომხდარში პატრულის ინსპექტორებთან ერთად, პასუხისმგებელია პირადად შინაგან საქმეთა მინისტრიც და ხელისუფლება, რომელიც დღემდე ვერ ახერხებს ქვეყნის მთავარი სირცხვილის, ქართული პოლიციის რეფორმირებასა და გარდაქმნას", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ მათ განცხადებას:

„25 ოქტომბერს, 33 წლის პაატა პავლიაშვილი, პატრულის ორი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული წესით დააკავების დროს გარდაიცვალა. ორი ინსპექტორი, ნუცუბიძის ფერდობზე, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე იმყოფებოდა. ინსპექტორებმა პაატას დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იგი კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს (მეგობარს) გამოესარჩლა.

პირველივე დღიდან „თეთრი ხმაურის მოძრაობა” აქტიურად ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. საქმის სამართლებრივ მონიტორინგს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზრუნველყოფს. მოძრაობის წევრები რამდენჯერმე შეხვდნენ პავლიაშვილის გარდაცვალების თვითმხილველებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მოვლენათა განვითარებისა და თვითმხილველთა ინფორმაციის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ პავლიაშვილის გარდაცვალებაში უკვე ღიად იკვეთება პატრულის ინსპექტორთა უშუალო ბრალეულობა.

მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პავლიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, საკუთარი ძალისხმევა გარდაცვლილის დისკრედიტაციასა და მისგან არასასურველი მოქალაქის ხატის შექმნისკენ მიმართა. სამინისტროს განცხადებაში აქცენტები ძირითადად გარდაცვლილის არაფხიზელ მდგომარეობასა და მის აგრესიულობაზე კეთდებოდა. იმავე საღამოს სამინისტრომ ფეისბუქ გვერდზე კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარის ვიდეო-ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც აშკარად ხელოვნურად ხდება იმის ხაზგასმა, რომ გარდაცვლილი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. პირველივე დღეს, სამინისტროს მცდელობები - შეექმნა პაატასგან მტრის ხატი - ბუნებრივად აჩენდა ეჭვს ინსპექტორთა მხრიდან არასათანადო მოქმედებებზე.

მოგვიანებით, თვითმხილველთა ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ დაკავების პროცესში პავლიაშვილმა არაერთხელ განუცხადა ინსპექტორებს შეუძლოდ ყოფნის შესახებ და თხოვდა, მისთვის თავი დაენებებინათ. იმავეს მოუწოდებდნენ მეზობლებიც, რომელთა თქმით, პაატას მძიმე ფიზიკური მდგომარეობა სახეზეც ეტყობოდა. პატრულის ინსპექტორებმა პავლიაშვილისა და მეზობლების თხოვნა ყურად არ იღეს, დაკავების პროცედურა განაგრძეს და პაატა წააქციეს. უცნობია, მიიღო თუ არა ფიზიკური დაზიანება პავლიაშვილმა დაცემის მომენტში, თუმცა მეზობლების ინფორმაციით ერთ-ერთი პოლიციელი წაქცეულს სხეულზე მუხლით აწვებოდა. 

მეორე დღიდან, საზოგადოება პატრულის სამხრე კამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას მოითხოვდა. პარლამენტისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, გარდაცვალების ამსახველი კადრები არსებობდა. გამოძიება რამდენიმე დღე დუმდა. პროკურატურამ განაცხადება 29 ოქტომბერს გააკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ ერთ-ერთ ინსპექტორს სამხრე კამერა მანქანაში დასამუხტად ჰქონდა დატოვებული, მეორე ინსპექტორის კამერას კი დაფიქსირებული აქვს როგორც დაკავებამდე, ისე გარდაცვალების შემდგომი პერიოდი, ხოლო უშუალოდ პავლიაშვილის დაკავებისა და გარდაცვალების მომენტი კადრებში აღბეჭდილი არ არის.

ვფიქრობთ, მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციაც საკმარისია იმის დასტურად, რომ საქმე გვაქვს მტკიცებულებების გაყალბებასთან და დანაშაულის დაფარვის მცდელობასთან. პაატა პავლიაშვილი არის პოლიციის გულგრილობისა და გადამეტებული ძალის მორიგი მსხვერპლი. 

ჩვენთვის გასაგებია, რომ პაატას დაკავებაში მონაწილე ინსპექტორთა მდგომარეობა მძიმე უნდა იყოს, თუმცა ეს მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მიგვაჩნია, რომ მომხდარში პატრულის ინსპექტორებთან ერთად, პასუხისმგებელია პირადად შინაგან საქმეთა მინისტრიც და ხელისუფლება, რომელიც დღემდე ვერ ახერხებს ქვეყნის მთავარი სირცხვილის, ქართული პოლიციის რეფორმირებასა და გარდაქმნას, ხოლო არაერთგზის დამნაშავე პოლიციელებზე ხელის დაფარებითა და გამოძიების უსასრულოდ გაჭიანურებით, პირიქით, ხელსაც კი უწყობს პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომის გაღრმავებას. ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ახალისებს აგრესიულ საპოლიციო პრაქტიკებს, რომლებმაც უკვე იმსხვერპლა ლევან აბზიანიძე, დემურ სტურუა და რომელსაც შემთხვევით გადურჩა შოთა პაკელიანი თუ არაერთი ჩვენი მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^