ათასობით კატალონიელი ყოფილი მინისტრების დაკავებას აპროტესტებს. BBC-ის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად აჯანყება, აჯანყებისკენ მოწოდება და სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად გამოყენება ედებათ. პროკურატურა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუდჩემონის დაკავების ორდერის მოპოვებას ცდილობს. იგი სასამართლოში არ გამოცხადებულა და ამჟამად ბელგიაში იმყოფება.
სამართალდამცავები კიდევ ოთხ ყოფილ მინისტრს ეძებენ, რომლებიც ოფიციალურ გამოძახებას არ დაემორჩილნენ.
მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს კატალონიაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა, ესპანეთი საკონსტიტუციო კრიზისმა მოიცვა. საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა.
გასულ კვირას ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ რეგიონული პარლამენტი დაითხოვა და ადგილობრივი არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.
გუშინ ბარსელონაში კატალონიის რეგიონულ პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ბევრ მათგანს კატალონიის დროშა და ტრანსფარანტები ეჭირა, წარწერით „თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“.
მსგავსი დემონსტრაციები კატალონიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
რაც შეეხება დაკავებულ 9 მინისტრს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში დარჩებიან, რადგან შესაძლოა ქვეყანა დატოვონ, ან მტკიცებულებები გაანადგურონ.
კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხმა ესპანეთი ბოლო 40 წლისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა.
კატალონია ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ავტონომიური რეგიონია, რომელშიც 7,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კატალონიელებს საკუთარი ენა, პარლამენტი, დროშა და ჰიმნი აქვთ.
წლების განმავლობაში კატალონიელი ნაციონალისტები აღნიშნავდნენ, რომ რეგიონი ესპანეთის შედარებით ღარიბ ნაწილებს ძალიან ბევრ ფულს აძლევს. მათ ბიუჯეტსა და გადასახადებს მადრიდი აკონტროლებს.
1 ოქტომბრის რეფერენდუმზე, რომელიც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა, კატალონიელების დაახლოებით 90%-მა დაუჭირა დამოუკიდებლობას მხარი. ამომრჩეველთა აქტივობა 43% იყო.