Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოფშორებში დამალული ქონება - რა წერია „სამოთხის დოკუმენტებში"

06 ნოემბერი, 2017 20:30

„სამოთხის დოკუმენტების" სახელით ცნობილმა გამოძიებამ ოფშორულ კუნძულებზე შენახული ქონება გამოამჟღავნა, რომლის მფლობელებიც მსოფლიოს უდიდესი ბიზნესმენები, გლობალური ფიგურები პოლიტიკაში, გართობისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები არიან. 

13.4 მლნ დოკუმენტი, რომელიც გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა მოიპოვა, ამხელს სქემას, რომლითაც ინვესტორებს ოფშორულ ზონაში გადასახადებისგან თავის არიდება შეუძლიათ. ოფშორებში ჩადებული ინვესტიციები უკანონო არ არის, თუმცა ისინი ხელოვნური გზით გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას იძლევა, რაც უამრავ შეკითხვას აჩენს.

გერმანულმა გაზეთმა მოპოვებული დოკუმენტები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა. გამოძიებაზე ისეთი ცნობილი მედიაორგანიზაციები მუშაობდნენ, როგორებიც არიან The Guardian, BBC და The New York Times. 

რამდენიმე საკითხი, რომელიც ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა:

  • ინგლისის დედოფლის მიერ კაიმანის კუნძულებზე შენახული მილიონები

დედოფალ ელისაბედის კუთვნილი მილიონობით ფუნტი კაიმანის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში ინახება. ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ლანკასტერის საჰერცოგო, რომელიც დედოფლის შემოსავლებს განკარგავს, ინვესტციებს ისეთ ფონდებში ახორციელებს, რომელთაც კაპიტალდაბანდება ალკოჰოლური სასმელების ქსელ Thereshers-სა და კომპანია BrightHouse-ში აქვს. ამ უკანასკნელს ღარიბი ოჯახებისა და მოწყვლადი ადამიანების ექსპლოატაციისთვის აკრიტიკებდნენ. 

საჰერცოგომ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა BrightHouse-ში არსებული 12-წლიანი ინვესტიციის შესახებ, სანამ მას შეკითხვით Guardian-მა არ მიმართა. 

სავარაუდოდ, კრიტიკოსებს შეკითხვა გაუჩნდებათ, რატომ აქვს დედოფალს ასეთი ინვესტიცია. საჰერცოგოს მოუწევს, პასუხი გასცეს შეკითხვებს, თუ რამდენად ზედმიწევნით მოწმდებოდა დედოფლის ინვესტიციები.

  • დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრების, მრჩევლებისა და დონორების ინვესტიციები ოფშორში, მათ შორის დიდძალი ინვესტიცია კომპანიაში, რომლის თანამფლობელი ვლადიმერ პუტინის სიძეა

2016 წლის არჩევნების დროს დონალდ ტრამპმა საგადასახადო რეფორმის პირობა დადო. მისი თქმით, რეფორმას ამერიკული კომპანიების მიერ ოფშორში შენახული ტრილიონობით დოლარი ქვეყანაში უნდა დაებრუნებინა. 

ტრამპი გარემოცულია მდიდარი ადამიანებით, რომლებიც თავიანთ ქონებას ოფშორებში ინახავენ. 

ერთ-ერთი მათგანია მთავარი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გარი კოუნი. დოკუმენტებმა აჩვენა, რომ 2002-2006 წლებში იგი ბერმუდაზე არსებული 22 კომპანიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი იყო. 

დონალდ ტრამპის მდივანი ვაჭრობის საკითხებში, უილბურ როსი ვლადიმერ პუტინის სიძესთან აწარმოებს ბიზნესს. 

დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ მას ოფშორული წილი აქვს გადამზიდავ კომპანია Navigator-ში. ეს უკანასკნელი რუსულ გაზის კომპანია Sibur-თან თანამშრომლობს, რომლის თანამფლობელიც კირილ შამალოვი, პუტინის ქალიშვილის მეუღლეა.

როსი, რომელიც ტრამპის ახლო მეგობარია, Navigator-ში წილებს აშშ-ის მთავრობაში პოზიციის დაკავების შემდეგაც ინარჩუნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი სარგებელს იღებს რუსეთის პრეზიდენტის ოჯახის მიერ მართული კომპანიისგან.

Navigator-მა Sibur-თან ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ გააძლიერა - მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ევროკავშირმა რუს ბიზნესმენებზე სანქციები დააწესეს. 2014 წელს Sibur-თან პარტნიორობით Navigator-მა 68 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

  • მილიონობით დოლარის ოდენობით შემოსავალი Twitter-სა და Facebook-ს, რომლებიც რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებიდან მოდის

რუსეთის ორი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელთაც ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირი აქვთ, ჯარედ კუშნერთან ასოცირებული ბიზნესების მეშვეობით Twitter-სა და Facebook-ში მნიშვნელოვან ივნესტიციებს ახორციელებდნენ. 

ინვესტიციები რუსი ტექნოლოგიების მაგნატის, იური მილნერის მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელიც კუშნერთან, დონალდ ტრამპის სიძესთან და თეთრი სახლის ერთ-ერთ მრჩეველთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის თანამეწილია. 

სავარაუდოა, რომ ეს აღმოჩენა შეკითხვებს გააჩენს აშშ-ს პოლიტიკაზე რუსეთის გავლენის შესახებ და იმაზე, თუ რა როლი ითამაშა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალურმა მედიამ. 

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ალექსანდრ ვერშბოვი ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ხშირად გამოიყენებოდნენ, როგორც პუტინის პოლიტიკური პროექტების იარაღები. 

„Facebook-მა და Twitter-მა არ იცოდნენ, რომ ინვესტიციებისთვის დაფინანსება რუსეთის მიერ კონტროლირებადი VTB ბანკიდან და „გაზპრომიდან" მოდიოდა", ამბობს იური მილნერი. კუშნერის სპიკერი კი კომენტარზე უარს აცხადებს. 

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2011 წელს VTB-მ Twitter-ში 191 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ამავდროულად, გაზპრომმა დააფინანსა ოფშორული კომპანია, რომელმაც სანაცვლოდ Facebook-ის 1 მლრდ დოლარის ღირებულების წილების მფლობელი კომპანია დააფინანსა. 

  • კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდეუს მრჩეველი ოფშორში დიდი თანხების ბრუნვაში მონაწილეობდა

კანადის პრემიერის მთავარი ფანდრეიზერი და მთავარი მრჩეველი, რომელმაც პოლიტიკოსის ძალაუფლების მოხვეჭაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ოფშორულ კომპანიებში მილიონობით დოლარის მოძრაობაში იყო ჩართული. 

სტეფან ბრონფმანი თავისი ოჯახის საინვესტიციო ბიზნესების მეშვეობით აშშ-ში, ისრაელსა და კაიმანის კუნძულებზე დაწესებულებათა ჩახლართულ ქსელში იყო ჩართული. მილიონობით დოლარის გადარიცხვა მას ისე შეეძლო, რომ აშშ-ში, კანადასა და ისრაელში გადასახადებისთვის თავი აერიდებინა. 

გამოაშკარავებული ინფორმაცია სავარაუდოდ პოლიტიკურ ტემპერატურას აწევს პრემიერისთვის, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში ნაწილობრივ იმ დაპირების საფუძველზე მოვიდა, რომ ეკონომიკურ უთანასწორობას და გადასახადებისგან თავის არიდების პრობლემას დაუპირისპირდებოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^