თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე ახალგაზრდებს თხოვნით მიმართავს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვაში მონაწილეობა მიიღონ. მისი თქმით, მოხატვა მიწისქვეშა გადასასვლელებს გაალამაზებს.
„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, გამოვიყენოთ მათი ნიჭი. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ, შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვას ეხება. ერთადერთი, რაც ალამაზებს მიწისქვეშა გადასასვლელებში დღეს არსებულ სიტუაციას, ეს არის სწორედ ახალგაზრდების მიერ კედლების მოხატვა. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზე სრული წარმოდგენა გვექნება, ახალგაზრდებს შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც შეიძლება ჩატარდეს მოხატვითი სამუშაოები. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში, მოვლაში, მოწესრიგებაში“, - განაცხადა კალაძემ.
დღესვე თბილისის არჩეულმა მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას სთხოვა, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება და მათი განათებით აღჭურვა დღესვე დაიწყოს.