თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას 196-ე ბაღის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, არ ეთანხმება და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 196-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, ფიქრია ჩახნაშვილი თანამდებობაზე უნდა აღდგეს და განაცდური (20 000 ლარამდე) უნდა აუნაზღაურდეს.
2015 წლის ოქტომბერში ჩახნაშვილი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან ფინანსური და საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დარღვევების გამო გათავისუფლდა. თუმცა, ჩახნაშვილის თქმით, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი დარღვევები არ ყოფილა. მისი განმარტებით, თემურ თორდინავამ, მისგან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.
„თანამშრომლების გათავისუფლება მას თავისთვის სასურველი კადრების დასაქმების მიზნით სურდა. მე ამაზე უარი ვუთხარი, რასაც მოჰყვა ზედიზედ რამდენიმე მონიტორინგის ჯგუფის ბაღში გამოგზავნა. რეალურად, სისტემური ხარვეზი, რომელიც მაშინ ტენდერებთან დაკავშირებით არსებობდა, ჩემი გათავისუფლების საფუძველი გახდა. მომწოდებლები ხელშეკრულების პირობებისა და ვადების დარღვევით პროდუქტებს ღამის საათებში გვაწვდიდნენ. ჩვენ იძულებული ვხდებოდით, რომ პროდუქტების აღრიცხვა მეორე დღისთვის გადაგვედო. ჩვენ თორდინავას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო დარღვევა, თუმცა ის გვპასუხობდა, რომ ეს იყო სისტემური ხარვეზი, რომელზეც პასუხი დირექტორებს არ მოგვეთხოვებოდა. ჩემი გათავისუფლების მიზეზად კი, როცა დასჭირდათ, სწორედ ეს დარღვევები გამოიყენეს“, - უთხრა „ლიბერალს“ ფიქრია ჩახნაშვილმა.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დირექტორის აღდგენის მიზეზები მათთვის უცნობია, რადგან დასაბუთებული გადაწყვტილება სააგენტოს ჯერჯერობით არ ჩაბარებია.