„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სამსახურს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარების ბიუროებში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე დამატებით ინფორმაციას აწვდის. საუბარია ბიუროებში დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმებაზე. ამ საქმეზე ბიურომ გამოძიება დაიწყო.
„თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიჩნია, რომ ეს დოკუმენტაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად. გამოძიება დაწყებულია, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაბარებული ვარ ანტიკორუფციულ ბიუროში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება. თბილისში სულ 25 ბიურო არსებობს და თითოეული მათგანზე ყოველთვიურად 5 ათასი ლარი გამოიყოფა.
„ყველამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს დეპუტატები იყენებდნენ ოჯახის წევრების დასაქმებისა და საკუთარი ფუფუნებისთვის. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედაპირზე დევს. დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მეუღლე, შვილი და სხვა ნათესავები ჰყავდათ დასაქმებული ნაცვლად იმისა, რომ რეალური ადამიანები მუშაობდნენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.