„გირჩი“ საქართველოში 2018 წლიდან დაანონსებულ საპენსიო რეფორმას გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით, მთავრობა და ბანკები ამ რეფორმით პირადი ინტერესებისთვის მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანი რესურსის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
„გირჩის“ მტკიცებით, რეფორმა „წარმოადგენს მთავრობისა და ბანკების შეთანხმებულ და წინასწარ გააზრებულ ფინანსურ სქემას, რომლის მიზანია ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფა რიგითი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული მილიარდობით ლარით, ნულოვანი პასუხისმგებლობის პირობებში.“
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 2019 წელს როდესაც სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სახელმწიფო სისტემა გაეშვება, სპეციალურ ფონდში თავს მოიყრის დაახლოებით 900 მილიონი ლარი. აქედან საპენსიო დანაზოგის უცხოეთში განთავსებისთვის, შეიძლება გავიდეს მხოლოდ 180 მილიონი ლარი. დანარჩენი 720 მილიონი ლარი კი მთავრობისა და მსხვილი ბიზნესმენების ხელში მოიყრის თავს.
„მინიმუმ 720 მლნ ლარი უნდა ჩაიდოს საქართველოში შემდეგი პრინციპით:
• 144,000,000 ლარამდე (20%) შეიძლება ჩაიდოს ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში (აქედან მსხვილი ბიზნესის ინტერესი);
• 720,000,000 ლარამდე (100%) შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდა ვალის სახით (აქედან მთავრობის ინტერესი. ცნობისთვის, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნასესხები და 2018 წლის ჩათვლით დაგეგმილი შიდა ვალის მოცულობა უკვე შეადგენს 2,218,000,000 ლარს. და ეს ვალები ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ);
• 675,000,000 ლარამდე (75%) შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე (აქედან ბანკების ინტერესი)
და ეს ყველაფერი მხოლოდ 2019 წელს. იოლი წარმოსადგენია,რა მასშტაბებზე გავლენ 30-40 წლის განმავლობაში.
ეს არის ამ რეფორმის რეალური არსი - ფული! დიდი ფული, რომელიც პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოცულობებით უნდა ამოიღონ დღეს დასაქმებული მოქალაქეების ჯიბეებიდან და თავი მოუყარონ ვიღაცეების ანგარიშებზე.“ - წერს „გირჩი“.
პარტიის მტკიცებით, მოქალაქეთა დანაზოგებიდან აღებული ფულით მსხვილი ინსტიტუტები ისარგებლებენ, ამავდროულად კი, მოსახლეობას არც მომავალში ექნება ამ დანაზოგის პენსიად ქცევის გარანტია. „თქვენი ჯიბეებიდან უნდათ ცოტ-ცოტა ფულის ამოღება, ერთ ყულაბაში შეგროვება და შემდეგ დიდი ფულის კეთება წლების განმავლობაში. თქვენს შვილებს კი, მრავალი წელი მოუწევთ ვალების გასტუმრება გადახდილი გადასახადებით. ამავე დროს, არ არსებობს პენსიის მიღების ან ფულის დაბრუნების არანაირი გარანტია! არანაირი!“ - წერია „გირჩის“ განცხადებაში.