საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოება არ უნდა განვიხილოთ ბიზნესგარემოს შეზღუდვის მცდელობად. მისივე თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს შრომის ინაპექცია და სანქცირების კარგი სისტემა. ასევე, საქართველო ახლო მომავალში შრომის საერთაშორისო პრიორიტეტულ კონვენციებს უნდა შეუერთდეს.
"ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელისუფლების მონაწილეობით უზრუნველვყოთ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, რომლის დროსაც დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ორივე დაინტერესებულია კომპანიის წარმატებით. ამდაგვარი მიდგომა ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობას და ხელს უწყობს კომპანიების განვითარებას. ასოცირების დღის წესრიგით უკვე განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რომელთა ნაწილი გაწერილია დროში, გადასაწყვეტია და დასაგეგმია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტულ კონვენციებთან მიერთების პროცესი და ვადები. ასევე, ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა კომიტეტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, გამოწვევებია ევროპის სოციალური ქარტიასთან ეროვნულ დონეზე შესაბამისობის მიმართულებითაც. ამ მიმართულებითაც გასააქტიურებელი მუშაობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დღეს სასტუმრო „რედისონში“ კონფერენცია - „შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ იმართება. კონფერენცია ირაკლი კობახიძემ გახსნა.
კონფერენციაზე შრომითი უფლებების, შრომის უსაფრთხოების და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილების, ეკონომიკაში ქალთა როლის გაძლიერების, თანაბარი ანაზღაურების, მშობლის უფლებებისა და სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე იმსჯელებენ.
ღონისძიებაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.