განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. სიახლე არის ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.
დღემდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის პოსტს იკავებდა.
ბიოგრაფია
მიხეილ ჩხენკელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი; შემდეგ - ამერიკის შეერთებულ შტატებში პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.