ექსპერტი გია ხუხაშვილი „ლიბერალთან“ სამთავრობო ცვლილებებს აფასებს. მისი თქმით, ეს არის პრატიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ სისტემური ცვლილებები გადაწყვიტა.
გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურის წარდგენას და ამბობს, რომ არსებული საკადრო სკამიდან მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი საუკეთესოა.
„მამუკა ბახტაძეს მეტი პლუსები აქვს, ვიდრე მინუსები, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რა ვითარებაცაა საკადრო პოლიტიკაში შექმნილი. ის არის ნამდვილად კომპეტენტური, არ არის პარტიულ თამაშებში გათქვეფილი. ამ მხრივ, მან შეინარჩუნა გარკვეული სტერილურობა და ეს უდავოდ პლუსია საფინანსო ნაკადების მართვის თვალსაზრისით.
რაც შეეხება რკინიგზაში მის საქმიანობას, შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ის, რაც რკინიგზაში ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით ხდება, უფრო ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, ვიდრე მისი პირადი შეცდომებით. ვფიქრობ, რომ არსებული საკადრო სკამიდან მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი საუკეთესოა. უკეთესი ალბათ არსებობს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ნაკლებად მეგულება.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შვილთან მის მეგობრობას, ეს, მგონი, მოგონილი თემაა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ჭორებზე საუბარი არასერიოზულია.
არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, ან ზედმეტად პესიმისტი, მაგრამ ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როცა მთავრობაში სისტემური ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებს ძირითადად ვეთანხმები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. მაგალითად, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები. დღეს თანამედროვე სამყაროში, როდესაც გარემოს დაცვა გლობალური პრიორიტეტია, რესურსების მართვის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით კითხვებს მიჩენს. გარემოს დაცვა და ეკონომიკის სამინისტრო ერთმანეთის ბუნებრივი ოპონენტები არიან. როგორ შეძლებენ ისინი ერთი უწყების ფარგლებში თანაცხოვრებას, გაუგებარია.
რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ეს მეორეხარისხოვანია. ეს არ არის აქ მთავარი, თუ სტრუქტურულად სისტემა ეფექტიანად მუშაობს, ის ისეთ ეკონომიას აკეთებს. ახლა ხარჯების თვლა, ჩემი აზრით, არასერიოზულია", - ამბობს გია ხუხაშვილი.