განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ალექსანდრე ჯეჯელავას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. მისივე თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობასა და კერძო სექტორს უბრუნდება.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სანდრო ჯეჯელავას არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის, მისი მინისტრობის პერიოდში ჩვენ დავნერგეთ განათლების კომიტეტისა და სამინისტროს მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის ახალი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი წელი გახდა, რაც ბატონი სანდრო ამ პოზიციაზე იყო, მის სახელს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ინიციატივა უკავშირდება, წარმატებებს ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, მარიამ ჯაშის შეფასებით იგი „ბრწყინვალე კანდიდატურაა“ მინისტრის პოსტზე.
„მაქვს დიდი მოლოდინი, რომ მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა ზუსტი მეცნიერებების, ე.წ. STEM დარგებში. როგორც სკოლების ასევე საუნივერსიტეტო დონეზე. ასევე, მაქვს მოლოდინი, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ გვქნება მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები საუნივერსიტეტო და სამეცნიერო დარგების განვითარებისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. სიახლე არის ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი. დღემდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის პოსტს იკავებდა.