გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანია, ბუნებრივი რესურსების კომპონენტი, საბოლოო ჯამში რა ფორმით გადავა [ეკონომიკის სამინისტროში], ანუ გადავა მხოლოდ ლიცენზირების, ბიოლოგიის ნაწილიც, თუ მთლიანად ყველაფერი.
მისი თქმით, ყველა იმ კომპანიაზე, რომლებიც წიაღისეულით სარგებლობენ და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებენ სამთო კომპანიები, გარემოს დაცვის სამინისტრო მაინც უნდა დარჩეს მაკონტროლებელად.
როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, თუ როგორ განაწილდება ფუნქციები.
მისივე თქმით, ზოგადად ის ფაქტი, რომ ეკონომიკაში გადადის წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების ნაწილი, მიღებული და სწორი ფორმაა.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ეკონომიკის ნაწილია. ქართული ეკონომიკის დიდი ნაწილი მოდის წიაღისეულით სარგებლობაზე. ეს ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია და ძალიან კარგადაც მუშაობს. მთავარია, არსებობდეს კონტროლის შესაბამისი ზომები. ამისთვის კი საჭიროა ძლიერი გარემოს დაცვის სამინისტრო და სწორად გადანაწილება იმ ფუნქციების, რომლებიც მთლიანად ამ სექტორს ეხება. ამ შემთხვევაში შეიძლება ლიცენზირება დარჩეს ცალკე. [მნიშვნელოვანია] სად დარჩება გეოლოგიის ნაწილი, ანგარიშების დამტკიცების ნაწილი და ა.შ.“, - აცხადებს კუჭავა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი შეუერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს კი შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.