თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. საკრებულოში მის კანიდიატურას 40 მომხრე, 1 წინააღმდეგი ჰყავდა.
დღეს ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება ცნო. საკრებულოს სხდომას სულ 45 წევრი ესწრება. თავმჯდომარის მოადგილეები არიან - გიორგი ახვლედიანი, მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.
გიორგი ტყემალაძე პროფესიით ინჟინერია. იგი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი, აგრეთვე მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ის ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრია.
ტყემალაძის სამუშაო გამოცდილება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ტყემალაძე შემდეგი სუბიექტების დირექტორია: თბილისში ელიას მთაზე დიდი ელია წინასწარმეტყველის მამათა მონასტრის მშენებლობის ფონდი, შპს „ვეტპრეპარატი“, ქართულ-ჩინური მეგობრობისა და ურთიერთობის ასოციაცია, შპს „მასტერფაიბრ-ჯორჯია“, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ტყემალაძე ფლობს 50%-იან წილს შპს „ტე ჯუფ“-ში. ასევე 50%-იან წილს შპს „მასტერფრაი-ჯორჯიაში“.
თუმცა, გიორგი ტყემალაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ ის ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. აღნიშნული ორგანიზაციები წლების წინ დაფუძნდა, დღეს ისინი არ მოქმედებს და მათგან შემოსავალს არ იღებს.
2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტყემალაძე ფლობს უძრავ ქონებას,- საცხოვრებელ სახლს (საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 21 ა, ფართობი - 170.00 კვ.მ) და მიწის ნაკვეთებს - საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.21 ა, ფართობი - 70.00 კვ.მ; საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.21 ა, ფართობი - 70.00 კვ.მ
დეკლარაციის თანახმად, სამუშაოს შესრულებისთვის წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რანგში 56640.00 GEL-ს შეადგენდა, ხოლო პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრის რანგში -21875.00 ლარს.