ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას გამოძიების განახლება დაავალა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტუდენტი ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს 4 თანამშრომელს წამებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციელებმა დანაშაულის აღიარების მიზნით სცემეს. ხოფერიას ინფორმაციით, სამართალდამცველები მას ტელეფონის წართმევის შესახებ აღიარებითი ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.
„ირაკლი ხოფერია სრულიად უსაფუძვლოდ იქნა დაკავებული სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მას არ დაუმტკიცდა. სხვა პირი გასამართლდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ხოფერიას, პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საია-ს ინფორმაციით, ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე ქალაქ თბილისის პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და მას დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა. თუმცა ნაცვლიშვილის განმარტებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა საია-ს პოზიცია, გააუქმა თბილისის პროკურორის დადგენილება და ირაკლი ხოფერიას დაზარალებულის სტატუსი აღუდგინა.
„როგორც დაზარალებულის სტატუსის მოხსნის, ასევე საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ თბილისის პროკურატურის დადგენილებები საია-მ სასამართლოში გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, პასუხისგებაში არავინ მიცემულა. საია-მ არაერთხელ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს დროულად ჩაეტარებინათ ყველა საგამოძიებო მოქმედება და პასუხისგებაში მიეცათ მოძალადე პოლიციელები. რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ საქმის მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა. საია-მ მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე ცალკე გამოძიების დაწყება - მოწმეზე შესაძლო არასათანადო გავლენის მოხდენაზე, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა. ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიება ისე შეწყდა რომ პასუხისგებაში არავინ მიცემულა და ლეგიტიმური კითხვები პასუხგაუცემელი რჩება“.