
„მართალი გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრს ჟურნალისტებმა კომენტარი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით სთხოვეს.
ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
„თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა. ხოლო, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაცვის მხარეს მოესპო შესაძლებლობა ჩაეტარებინა საქმისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზა", - ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენი „ციანიდის საქმეზე": მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე