თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურთან ერთად არკვევს, გუშინ მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ არა.
„გუშინ 112-ზე დარეკა მოქალაქემ, რომ ეძებდა მგელძაღლას, რომელიც დაკარგა. ამიტომ ველოდებით მოქალაქეს, ველოდებით გარკვევას, თუ ეს რა არის. ეს ცხოველთა მინიტორინგის თემაა და თუ გადაკვალიფიცირდება, რომ მოქალაქეს უკანონოდ ჰყავდა მგელი დატყვევებული, მერე უკვე ჩვენი ნაწილი იქნება“, - უთხრეს „ლიბერალს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ გენეტიკური ანალიზისა და მოკვლევის შემდეგ დადგინდება, ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ მგელთან შეჯვარებული ძაღლი. იმ შემთხვევაში, თუ ის მგელი აღმოჩნდება, მაშინ მოქალაქეს გარეული ცხოველის დატყვევებისთვის სანქციები დაეკისრება.
ნაპოვნი ცხოველი ამ დრომდე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარშია.