„[მარიხუანის] ორმა ნაფაზმა გადაწონა ჩემი დამსახურებები და გამწირეს ფაქტობრივად სიკვდილისთვის", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" სამშვიდობო მისიის მონაწილისა და ომის ვეტერანის, უმცროს სერჟანტ დავით მახარეიშვილის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მახარეიშვილი შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. 2011 წლის 7 აპრილიდან სამშვიდობო მისიაზე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ათმეთაური იყო, სადაც 2012 წლის 28 ივნისს პატრულირების დროს დაზიანება მიიღო - ხერხემლისა და გულმკერდის მეორე და მესამე მალების მოტეხილობა. ამის შემდგომ რეაბილიტაციის კურსისთვის გერმანიაშიც გადაიყვანეს და შემდეგ საქართველოში გააგრძელა რეაბილიტაციის კურსი. 2015 წლიდან კი მკურნალობას წეროვანის ცენტრში გადიოდა.
„9 მაისს არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი და ტერიტორიის გარეთ ერთ-ერთ დაჭრილს გამოვყევი თავისი მეგობრის სანახავად, რა დროსაც მათი მეგობრებიდან ერთ-ერთმა შემომთავაზა მარიხუანა, ე.წ. ნარკოტიკული საშუალება და მივიღე ეს ნარკოტიკი. შემდგომ მოვიდა წეროვნის პოლიცია, დაგვაკავეს, გადაგვიყვანეს შემოწმებაზე, დაგვიდგინდა მოხმარება, გაგვათავისუფლეს ახსნა-განმარტების მიღების შემდგომ და დაგვიბარეს სასამართლოზე.
რამდენიმე დღის შემდგომ ჩატარდა სასამართლო და 500 ლარით დამაჯარიმეს, 45-ე მუხლით. ამის შემდგომ გამათავისუფლეს შეიარაღებული ძალებიდან, დაკავებული თანამდებობიდან, მომიხსნეს ყველანაირი დახმარება, ფინანსური დახმარებაც და ფიზიკურიც, რეაბილიტაციის კურსი სიცოცხლის ბოლომდე მესაჭიროება.
2.5 წელია არავინ შემომხმიანებია და არავინ დაინტერესებულა, თუ როგორ ვცხოვრობ, როგორ ვირჩენ თავს, როგორ გამაქვს თავი, როგორ ვუმკლავდები იმ ტკივილს, რა ტკივილებიც მაქვს.სამწუხაროდ ამ დღეში ვარ. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მივმართე, არაერთხელ მივმართე პრეზიდენტსაც, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა. შედეგი ნული. არავის ვაინტერესებ და ასე მიტოვებული ვარ ყველასგან და ყველაფრისგან. ცხოვრება დამენგრა აბსოლუტურად, იქიდან გამომდინარე, რომ მე ფიზიკურად არ შემიძლია.
ტკივილები თავისთავად მაქვს, რეაბილიტაციაც თავისთავად მჭირდება, აქედან გამომდინარე მქონდა კრედიტი, სახლი იპოთეკით დატვირთული მაქვს, დღე-დღეზე აღსრულებას დაიწყებენ, ჯერჯერობით ტელეფონის ზარები ხორციელდება, რომ აღსრულებას დავიწყებთო. ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეულ ლარს, რომელიც ამ ეტაპზე არ გამაჩნია და მეგობრების დახმარებით გამაქვს თავი", - ამბობს დავით მახარეიშვილი.