4 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში" თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის 2017 წლის ფილმით „სულისა და სხეულის შესახებ" გაიხსნება.
ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს - „ოქროს დათვის" მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში. ამას გარდა, „სულისა და სხეულის შესახებ" ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და „ოსკარზეა" წარდგენილი.
რეჟისორი ილდიკო ენიედი ამბობს, რომ ფილმის ხერხემალი დაქუცმაცებული სიყვარულის ისტორიაა
„ამის უკან, ჩვენი, ყოველდღიური სამყაროა. ვფიქრობთ, რომ კარგად ვიცნობთ მას. სახლი, ქალაქი, სამუშაო ადგილი, ჩვენი თავისუფალი დრო - ესაა ის, რაშიც ყოველდღიურ რუტინაში ვეფლობით.
და ოცნებები? ენდრე და მარიას საერთო სიზმრების სამყარო ჰაეროვანი, ბუნებრივი და თავისუფალი ემოციებითაა გაჟღენთილი. ესაა ადგილი, სადაც ჩვენ, საკუთარი თავის შეცნობა შეგვიძლია", - ამბობს ენიედი
ილდიკო ენიედიმ კარიერა დაიწყო როგორც კონცეპტუალურმა და მედია არტისტმა. 1999 წელს გადაღებულმა მისმა მხატვრულმა ფილმმა „სიმონ მოგვი" ლოკარნოს კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, ხოლო ფილმმა „ტამაში და იული" (1997) ბელფორტის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. მას შემდეგ, ენიედიმ რამდენიმე სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. „სულისა და სხეულის შესახებ" 18 წლიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს უნგრეთია. ფესტივალი 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.