სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტი ქალა ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, ამ დრომდე მიმდინარეობს.
სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლის და აფეთქების ხმა. კორპუსიდან, სადაც ოპერაცია ტარდება, მოსახლეობა გაიყვანეს. კორპუსთან მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ძალები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.
არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციას კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.