თითქმის 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციების კანონს მოაწერა ხელი. ამ კანონის 241 მუხლის თანახმად, ამერიკის ხაზინამ, დაზვერვის და სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად პირველ თებერვლამდე უნდა წარადგინოს ანგარიში, რომელიც გამოავლენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებს, ამხელს მათ კორუფციულ სისტემებს და შემოსავლის წყაროებს.
სანამ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი „კრემლის ანგარიშს“ გამოაქვეყნებს და მასში პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ პირებს და კომპანიებს კორუფციაში ამხელს, ამერიკელი პოლიტიკური და ეკონომიკური მიმომხილველები თეთრ სახლს იმ კრიტერიუმებს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც სანქციების სამიზნე უნდა განისაზღვროს.
„კრემლის ანგარიშში პირველ რიგში უნდა შევიდნენ ისინი, ვინც ახლოს არიან პუტინის რეჟიმთან და ისინი, ვინც ჩართულები იყვნენ პუტინის რეჟიმის კორუფციულ ქმედებებში, იქნება ეს 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა თუ ჩართულობა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში“,-ამბობს ანდერს ასლუნდი, „ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი.
მისი თქმით, ამავე ანგარიშში უნდა შევიდნენ: "მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ოლიგარქები, სახელმწიფო სააგენტოების მეთაურები, პუტინის სანქტ-პეტერბურგელი მეგობრები და ეგრეთწოდებული „ოქროს ბავშვები“. ხშირად დიდძალი ქონება ამ ბავშვების სახელზეა გაფორმებული, მალევე კი ისინი რეჟიმის თანამონაწილენი და აღმასრულებლები ხდებიან.“
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომზადებული ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია. ფრიდის თქმით, სანქციები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დიდი, საერთაშორისო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. თუ მხოლოდ სანქციებს აწესებ და ამას სხვა ნაბიჯებით არ ამყარებ, რა აზრი აქვს სანქციების დაწესებას. ტრამპის ადმინისტრაციას უჭირს საერთაშორისო პოლიტიკის სტრატეგიის ჩვენება, განსაკუთრებით ეს რუსეთის მიმართ პოლიტიკას ეხება, ეს რთული საკითხია", ამბობს ფრიდი.
ფრიდი, ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, მიღებულ გადაწყვეტილებს იწონებს: "ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ არის ცუდი - ნატოს ჯარები რჩება ევროპაში, რუსეთზე სანქციები შენარჩუნებულია, მიღებულია ახალი კანონი, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის პოლიტიკაზე სამუშაოდ სამაგალითო პროფესიონალები დანიშნა. ”
ეკონომისტების შეფასებით, სანქციების ეფექტურობისთვის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ოფშორებში რეგისტრირებული ქონების გამოსავლენად მეტი ძალისხმევა უნდა გაწიონ.
უკანასკნელი კვლევებით, მხოლოდ ბრიტანეთის გავლით ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის გათეთრება ხდება.