სენაკის, ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი - შიო მუჯირი კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა. მან თეოლოგიური განათლება მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მიიღო.
თეოლოგი კახა კურტანიძე მიტროპოლიტ შიოს შესახებ Facebook-პოსტს აქვეყნებს: მას ექნება ძალიან მძიმე წლები, რადგან უნდა დაალაგოს ურთიერთობები ეპისკოპოსებთან და შეძლოს, მოიშოროს აგენტის, ვფიქრობ, უსამართლო დამღა.
„მამა ჰყავდა ცუდად და მკურნალობდა მოსკოვში. მაგიტომ წავიდა იქ და კარგი ქნა, რომ ისწავლა. ერთადერთია ეპისკოპოსთა შორს, ვისაც აქვს ნამდვილი თეოლოგიური განათლება (გარმელიას აქვს, მგონი, კიდევ რაღაც დონეზე). იგი მისაღებია რუსეთისათვის. მაგრამ ეს პირდაპირ ხომ არ ნიშნავს მის აგენტობას?! არაა რადიკალთა მსგავსად ბრმა და ყრუ“, - წერს კახა კურტანიძე
კურტანიძე წერს, რომ ქართულ ეკლესიას ბერძნები ისედაც მიიჩნევენ რუსების განშტოებად და ეს პატრიარქის მოსაყდრეს მისცემს „ფორას“, რადგან არ წამოვა დაწოლა მასზე, მიიღოს ბერძენთა პირობები.
„შიოს ექნება დრო და საშუალება ბერძნებთან, ანტიოქელ არაბებთან და სხვებთან აწარმოოს პოლიტიკა. იქ ის გამოაჩენს, რამდენად აქვს პოლიტიკური ნიჭი და ლიდერის თვისებები. იგი არაა ლიდერი. არც მჩაგვრელი ან ხარბი. არც ისეთია, ადვილად გაამარიონეტონ - იგი მარტო აღუდგა წინ შიო-მღვიმეში არსებულ კლიმატს და გაუმკლავდა (ხოლო ეს იგივეა, ციხეზე ქურდულ პალაჟენიას კადრო შეწინააღმდეგება. ეს ითხოვს როგორც მენტალურ სიჯანსაღე-სიმტკიცეს, ისევე ნების სიმტკიცესა და მორალურ სისაღე-სიძლიერეს. მართალია, ამაში სულზე მოუსწრო მამის სენმა და საჭიროებამ მასთან ერთად გამგზავრებულიყო მოსკოვს). ვუსურვოთ ასეთივე სიჯანსაღე, სისაღე, სიმტკიცე და იღბალი!“, - წერს კახა კურტანიძე
თეოლოგი აცხადებს, რომ ის პროფესიონალი მუსიკოსია, კერძოდ, ვიოლენჩელისტი.
„იგი ევროპული მუსიკის ერუდიტია, ანუ ის სიყრმიდანვე ნასაზრდოებია და ღრმადაა შეზრდილი დასავლურ კულტურას და, ამდენად, ცივილიზაციას. ამას ვერ დაიკვეხნის ვერა ბერძენ-არაბი მართლმადიდებელი. მართალია, ეს არ ნიშნავს იმთავითვე დასავლურ ორიენტაციას (ილარიონ ალფეევსაც აქვს მუსგანათლება და სიმფონიებს თხზავს), მაგრამ ეს უთუოდ ნიშნავს, ჯერ ერთი, მასში არსებულ ფაქიზ უნარს სპექტრთა სმენისა, ანუ განმრჩევლობისა - ცხადია, ვგულისხმობ არამხოლოდ მუსიკალურს.
და მეორე, ეს ვითარებაც სხვასთან/ებთან ერთად, უნდა გვიბიძგებდეს არ შევუტიოთ მას, როგორც უცილობელ რუსეთუმე შავრაზმელ მენტალობას. არ უნდა ჩავაყენოთ „ან-ან“ არჩევანში. მას უნდა შევთავაზოთ ფართო არჩევანი (მაგ., ქართული გალობის საფუძვლიანი კვლევის ინიცირება ინსტიტუციალურ-სტრუქტურულ დონეზეც და საერთაშირისო კვლებებში ჩართვითაც) და მრავალფეროვნად დისკურსული დიალოგი.
იგი საკმაოდ ამაყი პიროვნებაა იმისათვის, რომ პრიმიტიულ გავლენის აგენტად იქცეს. მისი ოჯახიც განეკუთვნებოდა თბილისურ კულტურულ-სამეცნიერო არცთუ დაბალ ფენას. მას სჭირდება ნდობა და თანადგომა“, - წერს კახა კურტანიძე.