
„შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას“, - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებობდეს უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევს რთულ ვითარებას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიამიტურია განცდა, თითქოს საქართველოში არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროება.
„ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში, ოპერატიულ ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ ვინც მოქმედებდა. მაგრამ, კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება და რომ არ არის უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ალბათ ამ მიამიტურ განწყობებს ნათელი პასუხი გაეცა“, -განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.