„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მერიამ „სითი-პარკს“ შესაძლოა, ხელშეკრულება შეუწყვიტოს. ხმალაძის თქმით, მათ „სითი-პარკს” შესაძლოა, ხელშეკრულების დარღვევისთვის დამატებითი ვადა დაუდგინონ, ვადის გასვლის შემდეგ, დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი მერიამ ხელშეკრულება მყისიერად გაწყვიტოს.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ „სითი-პარკის“ მიმართ სათანადო ზომების გასატარებლად თბილისის მერიას სასამართლოში ჩივილი არ დასჭირდება. „მე არაერთხელ მითქვამს, რომ „სითი-პარკი” არღვევს ხელშეკრულებას და ამას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება, რაც არის ხელშეკრულების მიხედვით დამატებითი ვადის დადგენა და ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ არ იქნება დარღვევები გამოსწორებული, ხელშეკრულების მყისიერად შეწყვეტა მოხდება. სასამართლოსთვის მიმართვას ამ შემთხვევაში არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ არ გვჭირდება”, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „სითი-პარკი“ მიიჩნევს, რომ მერია მას არამართებულად მოექცა, კომპანიას შეუძლია, სასამართლოს მიმართოს.