სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, კანდიდატს უახლოეს დღეებში დასახელებენ. მომდევნო პლენარულ სხდომებზე იქნება განხილვა და სახალხო დამცველი თავის პოსტზე დაახლოებით ერთ კვირაში დამტკიცდება.
მისი ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე 7 კანდიდატის შესახებ ისაუბრეს. მას სხვა კანდიდატების ვინაობას არ გაუმჟღავნებია. თუმცა აღნიშნა, რომ მათ შორის არასამთავრობო სექტორის იერ დასახელებული პირები იყვნენ.
"მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით გადაწყვეტილებაზე - საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დასახელებული იქნება ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ არასამთავრობოებთან კონსულტაციები, ასევე, გამოცდილება, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი, კვალიფიკაცია", - განაცხადა კობახიძემ.