ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა და ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. უწყებაში გარდაცვლილთა შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ ავრცელებენ. თუმცა აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაიყვანეს სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი.
თვითმხილველების განცხადებით, ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა, საიდანაც სამმა ადამიანმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მოგვიანებით მათთან კავშირი გაწყდა.
შსს-ს ინფორმაციით, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „112-ში“ შეტყობინება 20:01 სთ-ზე შევიდა.
„ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან. სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს.ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება“,- აცხადებენ შსს-ში.