სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია,- ამის შესახებ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ხანძრის ქრობას ძლიერი დაკვამლიანება ართულებდა.
„მიუხედავად ამისა, მეხანძრე მაშველებმა და პოლიციის ყველა დანაყოფმა შევძელით უმოკლეს ხანში ხანძრის ჯერ ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. სამი მეხანძრე-მაშველი მოთავსებულია კლინიკაში, ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრძნობენ“,- განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით,11 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები.
შსს: წინასწარი ინფორმაციით, „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, „ლეო გრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული ნორმა ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.