
„ინტერპრესნიუსს“ ბათუმში სასტმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, რომ 11 გარდაცვლილიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში.
„8 მამაკაცი ლიფტში იპოვეს. სამედიცინო პერსონალისგან ვიცით, რომ დამწვრობა არ ჰქონდა არც ერთ მათგანს, მაგრამ კვამლისგან გაიგუდნენ. როგორც ვიცით, ხანძრის გამო ელექტროენერგია გათიშეს სასტუმროში, ლიფტი გაიჭედა და ვეღარ გამოვიდნენ. 3 დაღუპული კი სავარჯიშო დარბაზში იპოვეს“, - განაცხადეს ახლობლებმა.
ხანძარი სასტუმროში გუშინ დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. შსს-ის ინფორმაციით, დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა - 21. დაღუპულთაგან 10 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა გუშინ განაცხადა, რომ 2017 წელს სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ვერ მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, მიზეზი არასრული დოკუმენტაცია, მათ შორის სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სახანძრო უსაფრთხოები წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ეს ნორმა სასჯელის ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.