დღეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა. მისი თქმით, უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და დარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე ინფორმაცია არ ჰქონია. „დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ადამიანების წინაშე და ვიზიარებთ ამ მწუხარებას, დღეს გლოვის დღეა და ჩვენ მოვინახულებთ მათ ოჯახებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება მათთვის. ჩამოსული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მინისტრები. ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მე არ მქონდა ინფორმაცია სასტუმროს დაჯარიმებასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ავგორენმა.
სასტუმროს მფლობელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა თქვა, რომ სასტუმროს მენეჯმენტს მიაჩნდა, შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. სხვა შემთხვევაში, ისინი პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნებდნენ. „მიაჩნდათ, რომ დაცული იყო. რომ სცოდნოდათ, დაცული არ იყო, გამოასწორებდნენ ბუნებრივია. მათ ასეთი ვარაუდი ჰქონდათ, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და დადგა უმძიმესი შედეგი. ამიტომ თვითონაც დაინტერესებული არიან იმის გარკვევით, რომ თუ რამე იყო დარღვეული, გამოსწორდეს. ამისათვის ელიან გამოძიების შედეგებს. საუბარი იყო ას ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი მას ნამდვილად ჰქონდა თუ არა ინფორმაცია. თუმცა, არ გმაოვრიცხავ, რომ შეიძლება არც ჰქონოდა.“ - თქვა კახა წერეთელმა.
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ამ შემთხვევის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.