წლევანდელ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე „სპეციალური ჩვენების" ფარგლებში სამი ფილმის ჩვენება გაიმართება: მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967), ანდრე ტეშინეს „შორს“ (2001) და თეონა ჯორბენაძის „სევდის ანგელოზები“ (2017)
კინოსა და ვიდეოხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „არსენალმა", წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველიც“. ფესტივალზე სპეციალურ ჩვენებაში წარმოდგენილი ქართული კინოკლასიკა, განახლებული ფორმატით იქნება ნაჩვენები.
წლევანდელ ფესტივალზე მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო „პრომეთე“ გადაეცემა
„სევდის ანგელოზები“ (2017) კი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმია, რომელიც რამდენიმე ქალაქში საიუბილეო საკონცერტო ტურნეს პარალელურად (ბერლინი, ბრიუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი) არის გადაღებული. „ფილმი მოგვითხრობს არტისტის ბედზე თანამედროვე სამყაროში. ხელოვნება ვერაფერს ცვლის - ომი გრძელდება!“.