საქართველოს სახალხო დამცველად ასარჩევად, საპარლამენტო უმრავლესობამ ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს.
მოქმედ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება. პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ნანუაშვილს ნინო ლომჯარია შეცვლის. ის იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული ომბუდსმენობის 4 კანდიდატიდან ერთ-ერთი.
ნინო ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე იყო საქართველოს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. მანამდე, 2011-2015 წლებში ის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.