რამდენიმე წუთის წინ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად დაადგინა. „ლიბერალი" იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რას ნიშნავს აღნიშნული გადაწყვეტილება.
რა მოჰყვება გადაწყვეტილებას
როგორც იურისტი ამბობს, სტრასბურგის დიდი პალატის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ევროსასამართლოს აღმასრულებელი ორგანოს, მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დოკუმენტი. იქ დეტალურად ჩამოიწერება, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ.
მუხაშავრიას თქმით, ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება დიდ პალატაში გასაჩივრდა, იქ მოიგო მერაბიშვილმა და უფრო მკაცრი გადაწყვეტილება გამოვიდა, ეს აისახება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზეც და, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი და კონკრეტული მოთხოვნები იქნება.
რას ნიშნავს მე-18 და მე - 5 მუხლების დარღვევა
იურისტის აზრით, მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ მერაბიშვილის მიმართ უფლებები პოლიტიკური ნიშნით დაირღვა, მე - 5 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა კი გულისხმობს, რომ ექსპრემიერს წინასწარი პატიმრობა არასწორად შეეფარდა.
„ესენი რასაც აკეთებენ, რომ კიდევ ამზადებენ საქმეებს მის წინააღმდეგ, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების ფონზე სრული კატასტროფაა" - დასძენს იურისტი.
როდის უნდა ველოდოთ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას
ამ გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტის პირველივე სხდომაზე უნდა ველოდოთ, დაახლოებით ერთ თვეში.
„ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე ორ წელიწადში ორი გადაწყვეტილება გამოიტანა, ნიშნავს, რომ ჩვენს მთავრობას მკაცრად დაუქნიეს თითი". - ამბობს იურისტი.
რა არის მინისტრთა კომიტეტი
მინისტრთა კომიტეტი ევროსასამართლოს აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება. მინიტრები ევროსაბჭოს ეგიდით თვეში ან ორ თვეში ერთხელ ერთხელ იკრიბებიან, და სხვა საკითხებთან ერთად ევროსაბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმებსაც განიხილავენ.
„აპარატი ქმნის ტექსტს და კომიტეტი ამტკიცებს. მის აღსრულებას სავალდებულო ხასიათი აქვს". - ამბობს ლია მუხაშავრია.
____________________________________
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
2013 წლის 17 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა მისი ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში, ციხის ადმინისტრაციამ მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა.
აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრესრელიზს აქვეყნებს: საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის დაკავებასა და წინასწარ პატიმრობას. იგი საჩივარში მიუთითებდა, რომ ამ ზომების მიღმა ფარული მიზნები არსებობდა.
მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისი დაკავება და წინასწარ პატიმრობაში ყოლა მის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, დაკავებიდან რამდენიმე თვეში მთავარი პროკურორის მიერ მის დასაკითხად საკნიდან მალულად ღამით გაყვანა მიზნად ისახავდა, მისი პატიმრობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოური საბანკო ანგარიშებისა და ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას 2005 წელს სიკვდილის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლისთვის გამოეყენებინა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დიდმა პალატამ დაადგინა:
ერთხმად, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5,1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) ვანო მირაბიშვილის დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოლასთან მიმართებაში.
ერთხმად, რომ არ დარღვეულა მუხლი 5,3 (წინასწარ პატიმრობაში მყოფის სასამართლოს გონივრულ ვადაში ჩატარება) თავდაპირველად მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან მიმართებით.
ერთხმად, რომ დაირღვა მუხლი 5,3 იმ ნაწილში, რომ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული, მისი წინასწარი პატიმრობა საკმარისი საფუძვლის არსებობის გამო უნდა შეწყვეტილიყო.
9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, რომ დაირღვა მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვა) 5,1 მუხლთან ერთად.
სასამართლომ დაასკვნა, რომ მისი წინასწარ პატიმრობა მაინცდამაინც მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორების მიზნით არ განხორციელებულა. თუმცა, საკნიდან მისი მალული გაყვანისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს ღამით დაკითხვა საკმაოდ დამაჯჯერებლად და, შესაბამისად, დამტკიცებლად მიიჩნია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის თავისუფლების შეზღუდვა განგრძობად მდგომარეობას გაუთანაბრდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ შეზღუდვის უმთავრესი მიზანი დროთა განმავლობაში შეიცვალა. თუკი თავდაპირველად მიზანი დარღვევათა გონივრული ეჭვის საფუძველზე გამოძიება იყო, მოგვიანებით უმთავრესი მიზანი ჟვანიას სიკვდილისა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება გახდა. ამდენად, იგი ემსახურებოდა ფარულ მიზანს, რომელიც კონვენციაში არ არის გათვალისწინებული.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული.
2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თანხის მითვისება-გაფლანგვას. ასევე მერაბიშვილი დამნაშავედ 164 მუხლით, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.
2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის საქმეზე 2014 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ვანო მერაბიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას ბრალი წაუყენეს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მერაბიშვილს ამნისტიის შედეგად ვადა შეუმცირდა და 4 წლით და 6 თვით განისაზღვრა.
2014 წლის 20 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილი სასამართლომ სანდრო გვირგვლიანის სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით საქმეზე დამნაშავედ ცნო. რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2016 წლის 22 სექტემბერს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე, სასამართლომ 2017 წლის 3 მაისს აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.