ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია. თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო კი, რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა.
ქორეპისკოპოსმა იაკობმა ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შემდეგ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა. ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებით, ამერიკელმა პარტნიორებმა გაიგეს, რომ ქართველი ხალხი და ეკლესია მოწინააღმდეგეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.
„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს,“ - განაცხადა ქორეპისკოპოსმა.
განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 – 29 ნოემბერის ჩათვლით ვაშინგტონს საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სტუმრობენ.