
თბილისის ისტორიის მუზეუმში 80-90-იანი წლების ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გუშინ გაიხსნა. „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში“ - ასეთი სახელწოდებით წარმოადგინეს „ქარვასლაში“ იმ 24 არტისტის შემოქმედება, რომლებიც საქართველოში 80 და 90-იან წლებში მოღვაწეობდნენ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გურამ წიბახაშვილის მიერ შექმნილი ამავე პერიოდის ამსახველი ფოტოდოკუმენტაციაც. გამოფენის კურატორები არიან ჩარლზ მერევეზერი და ლიკა მამაცაშვილი. „მხატვრების ეს თაობა სრულიად განსხვავებულია. მათი აზროვნება სრულიად განსხვავდება იმ მდგომარეობიდან, რაც მოდიოდა მანამდე, იმ იდეოლოგიური პერიოდიდან. ინგრევა საბჭოთა კავშირი და უცბად ჩნდება მხატვრების დიდი ჯგუფი. ხდება გადასვლა იდეოლოგიური საქართველოდან - დამოუკიდებელ მხატვართა საქართველოში.“ - ჰყვება მამაცაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში.
მისი თქმით, გამოფენის კურატორმა, ჩარლზ მერევეზერმა მისთვის წარდგენილი 32 მხატვრიდან ამ გამოფენისთვის 24 აარჩია. „სივრცის პრობლემა გვქონდა და მოხდა ერთგვარი სელექცია, ამიტომ დიდ ბოდიშს ვუხდი მათ. მოეწყობა შემდეგი გამოფენაც, სადაც ყველა მხატვარს წარმოვადგენთ.“
„თამაშის მდგომარეობაში“ წარმოდგენილები არიან: გია ეძგვერაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, თეა გვეტაძე, თემო ჯავახიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კარლო კაჭარავა, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, ლუკა ლასარეიშვილი, მაია ნავერიანი, მაია ცეცხლაძე, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, მიშა გოგრიჭიანი, მურთაზ შველიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, უშანგი ხუმარაშვილი და ქეთი კაპანაძე.
ექსპოზიციაზე კოკა რამიშვილის ოთხი ნამუშევარია გამოტანილი. გამოფენის გახსნას თავად არტისტიც დაესწრო. ექსპოზიციაზე მისი ნამუშევრები საქართველოს 90-იან წლებს რამდენიმე კუთხით აირეკლავს.
„ისე მოხდა, რომ ნახატების გამოფენა ვერ მოვახერხე, სულ გაბნეულია აქეთ-იქით“ - ჰყვება „ლიბერალთან“ ოლეგ ტიმჩენკო. „თამაშის მდგომარეობაზე“ მის ვიდეოპერფორმანსებს აჩვენებენ. ერთი მათგანი ნიკო ცეცხლაძესთან ერთად მოაწყო, მეორე კი - თეატრალურ დასთან. ტიმჩენკო „ლიბერალს“ პერფორმანსის დღეზე უყვება.
„თამაშის მდგომარეობა“ თბილისის ისტორიის მუზეუმში 2018 წლის 10 იანვრამდე იქნება. გამოფენის ფარგლებში გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი პროცესების შესახებ. ფილმი პირველ ეტაპზე, 3 ხელოვანის შემოქმედებაზე მოგივთხრობს - კოკა რამიშვილი, ქეთი კაპანაძე, მამუკა ჯაფარიძე. გამოფენა პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ ფარგლებში მომზადდა.