ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი მოსწავლისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.
ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში ამბობენ, რომ უკვე დაუკავშირდნენ დონორებს და მიმდინარეობს მობილიზება სისხლის მიღების მიზნით.
”გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 39 03 13, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 ”წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის" პირველი სართული. ”ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი”, - ნათქვამია სისხლის ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხორავას ქუჩაზე მომხდარის ჩხუბის დროს დაჭრილი 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. როგორც „ლიბერალს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში უთხრეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნებას ცდილობენ.
შსს-ს ინფორმაციით, გუშინ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
პოლიციამ უკვე ამოიღო როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.