სრულად შევისწავლით მანდატურის სამსახურის ფუნქციებს და გაძლიერდება მისი როლი,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი ინფორმაციით, მანდატურები კოორდინირებულად იმუშავებენ საპატრულო პოლიციასთან, რომელიც გარე პერიმეტრის უსაფრთხოების მონიტორინგის პროცესში ჩაერთვება.
მან იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც უწყებას არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისთვის აქვს შემუშავებული. მინისტრის ინფორმაციით, იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
მინისტრის თქმით, სკოლებში გააქტიურდება ძალადობისა და ბულინგსი წინააღმდეგ მუშაობა. ამასთან, დაინერგება ფსიქოლოგიური სერვისები და შეიქმნება ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. იმისათვის, რომ ამ სერვისმა მთელი საქართველო მოიცვას, მინისტრი პროცესში უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვას გეგმავს.
მიხეილ ჩხენკელმა დანაშაულის პრევენციის პროცესში მშობლების აქტიურ ჩართულობაზეც ისაუბრა.