ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
შსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა
--------------------------
1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.