
„მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო“ - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კომენტარს 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა კვლავ აქტუალური იყოს. მდინარაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა რამდენჯერმე გაიგზავნა უკრაინაში და ეს საკითხი უკრაინულ მხარეზე იქნება დამოკიდებული.
„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ აქტუალური გახდეს. მისი მხრიდან ეს საქართველოში აღარ მოხდება და იმედია, უკრაინელები მალე გაიცნობენ. მართალია, ჩვენ უფრო დიდი ხანი ველოდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, როგორც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა რამდენჯერმე არის გადაგზავნილი. საბოლოო ჯამში, შედეგი დამოკიდებული იქნება უკრაინულ მხარეზე. საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარია. სააკაშვილი ვერ შეძლებს, რომ საქართველოში აქტუალური გახდეს. აქედან გამომდინარე, ის საქართველოში იქნება თუ არა პატიმარი, ამით პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიცვლება“, – განაცხადა მდინარაძემ.