Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ედავება უკრაინა მიხეილ სააკაშვილს?

05 დეკემბერი, 2017 19:02

რა მოხდა?

კიევში სცადეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება. უკრაინული პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ბინასთან სპეცრაზმი დღეს დილით მივიდა და ჩხრეკა დაიწყო. სააკაშვილი კი სამართალდამცველების დაკავების ბრძანებას არ დაემორჩილა და სახლის სახურავზე ავიდა. მის მხარდასაჭერად ცოტა ხანში შეიკრიბნენ მოქალაქეებიც, სახლთან მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახურავიდან ჩამოიყვანეს და მიკროავტუბუსში ჩასვეს. თუმცა მისმა მხარდამჭერებმა მანქანას ალყა შემოარტყეს, ბარიკადები აღმართეს და საბოლოოდ სპეცრაზმისგან სააკაშვილის დახსნაც მოახერხეს. გათავისუფლების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად რადასთან გადაინაცვლა და პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

რას უყენებენ ბრალად მიხეილ სააკაშვილს?

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. ამის გამო, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენას ედავებიან. ამის მიუხედავად, პროკურატურა მისთვის სპეციალური სამაჯურით შინა პატიმრობას მოითხოვს.

როგორია გენერალური პროკურატურის ვერსია?

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაუკავშირდა სერგეი კურჩენკოს, რათა, ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერ ოლიგარქს მისი საპროტესტო გამოსვლები დაეფინანსებინა. „სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა სევერიონ დანგაძემ, სააკაშვილთან შეთანხმებით მიმართა კურჩენკოს, რომელიც მოსკოვში იმალება და მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ინტერესების დაცვის სანაცვლოდ, სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსება შესთავაზა.“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ. მისი თქმით, საუბარი იყო დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარზე, რომლის ნაწილიც სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთასა და მის მიერ წამოწყებული გამოსვლების დაფინანსებისთვის დაიხარჯა.

იური ლუცენკომ ასევე გამოაქვეყნა სატელეფონო საუბარი, სადაც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და სერგეი კურჩენკო ამ გარიგების შესახებ საუბრობენ.

ვინ არის სევერიონ დანგაძე?

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა 3 დეკემბერს დააკავეს სევერიონ დანგაძე და ნაზარ სიცინსკი, რომელიც „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტი იყო. სიცინსკი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, დანგაძე კი პატიმრობაში დატოვეს. ის პოლტავას რეგიონში იმ დროს დააკავეს, როცა რუსეთში გაქცევას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, დანგაძისგან სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ ამოიღეს კურჩენკოს მიერ გამოყოფილი თანხის დაახლოებით ნახევარი, მისი სახლიდან მიხეილ სააკაშვილის დაკარგული უკრაინული პასპორტი.

„ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული მხარისგან დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის მიღება. თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძესგან ამოიღეს“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

სევერიონ დანგაძე მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ კიევის რეგიონის კოორდინატორი იყო. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ის იყო საქართველოს ექსპრეზიდენტთან დაახლოებული და კურჩენკოსთან მოლაპარაკების პროცესის წამმართველი პირი.

ვინ არის სერგეი კურჩენკო?

სერგეი კურჩენკო არის უკრაინელი ბიზნესმენი და კომპანიათა ჯგუფის „უკრაინის გაზი 2009“ დამფუძნებელი, რომელიც თხევადი გაზით ვაჭრობს. ის არის ასევე ხარკოვის საფეხბურთო კლუბ „მეტალისტის“ მფლობელი და პრეზიდენტი. კურჩენკო იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენის ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟთან დაახლოებული პირი და უკრაინა 2014 წელს დატოვა. ის შემდეგ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი?

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. შესაძლო დაკავებაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჯერ კიდევ 29 ნოემბერს საუბრობდა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო რუსეთის ხელისუფლების დავალებას ასრულებს, ქვეყნიდან მისი მოშორება და საქართველოში ექსტრადიცია უნდათ. სადაც, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^