საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა. უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ეს გულისხმობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავდასხმის, დანაშაულის მცდელობისთვის, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ განზრახვით დანაშაულის ჩადენის და დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისთვის ეძებენ.
გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი დასაკითხად დაიბარეს. თუმცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის პროკურატურაში „ცრუ გენერალურ პროკურორთან“ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი დაკითხვაზე თავად არ გამოცხადდება, მაშინ სამართალდამცველები მის აყვანას ხელახლა შეეცდებიან.
„დილით კვლავ სცადეს პროვოკაციის მოწყობა და ჩემს კარვში შემოსვლა. მაგრამ აერიათ და ეს ხალხი დაზარალდა. გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის, ჩემს სტატუსზეც. მათ დაიწყეს გამოძიება დეპუტატების წინააღმდეგ, თითქოს ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ლუცეკო გაუნათლებელია, იურისპუდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენპოკურორი. ამიტომ მინდა განვაცხადო, მე მას არ ვთვლი გენერალურ პროკურორად. მზად ვარ, აქ, კარავში მივიღო გამომძიებელი“,- განაცხადა მიხელ სააკაშვილმა რადასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება პირველად 5 დეკემბერს სცადეს, მას უკრაინის პოლიცია ბრალად უყენებს იანუკოვიჩთან დაახლოებული და ძებნილი ოლიგარქის სერგეი კურჩენკოსგან დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების დაცვის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხის აღებას. ეს ფული კი უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის უნდა დახარჯულიყო.
სააკაშვილი საკუთარ სახლში 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა სანამ მას ტერიტორიიდან გაიყვანდნენ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სამართალდამცველებისგან გამოიხსნეს. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად რადას წინ გადაინაცვლა და საპროტესტო აქცია დაიწყო.