„არა დიდ კაშხლებს“ - სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ნენსკრაჰესის" პროექტის წინააღმდეგ სვანეთში აქცია გამართა. როგორც ისინი აცხადებენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი „ნენსკრაჰესის" დაფინანსებას აპირებს. ისინი მოუწოდებენ ფინანსურ ინსტიტუტებს თავი შეიკავონ პროექტის დაფინანსებისგან.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს „ნენსკრაჰესის" დაფინანსებას. ჩვენ, სვანები კატეგორიულად მოვითხოვთ ფინანსური ინსტიტუციებისგან, მსგავსი პროექტების დაფინანსებისგან შეიკავონ თავი. არც ერთ ჰესს ჩვენ არ მივიღებთ, შესაბამისად ვთხოვთ, რომ არ დააფინანსონ მსგავსი პროექტები“,- აცხადებენ ისინი.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარემოსდაცვით ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, მომავალ კვირას ნენსკრა ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ
როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარემოსდაცვით ორგანიზაციების ქსელი ავრცელებს ინფორმაციას, გასულ თვეს, ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ („ბერნის კონვენციის“), სამდივნომ წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სადაც გამოხატა შეშფოთება მთავრობის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის ვალდებულებასთან დაკავშირებით და მოითხოვა ახსნა–განმარტება „ზურმუხტის ქსელის“ ერთ-ერთ კანდიდატ საიტზე განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სვანეთის რეგიონში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
მიუხედავად ამისა, გარემოსდაცვითო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, 2017 წლის 12 დეკემბერს EIB- ის დირექტორთა საბჭო სავარაუდოდ ხმას მისცემს სესხის შესახებ შეთანხმებას, რაც ამ საკამათო პროექტის მხარდასაჭერად 127 მლნ ევროს გამოყოფას ნიშნავს. მომდევნო დღეს კი EBRD-ის დირექტორთა საბჭო მიიღებს გადაწყვეტილაბას პროექტისთვის 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის დამტკიცების შესახებ.
ფოტო: დათო გულბანი