სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ „ლიბერალს“ „ლეოგრანდის“ იურისტმა, კახა წერეთელმა განუცხადა.
მისი განმარტებით, გუშინ სასტუმროს მეპატრონე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს შეხვდა და გადაწყვეტილება აღნიშნული შეხვედრის შემდგომ მიიღო.
„სასატუმროს მეპატრონემ დაზარალებულთა ოჯახების პოზიციის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, მათთვის თუნდაც მხოლოდ ამ სახელწოდების გახსენება ძალიან მძიმეა“,- ამბობს კახა წერეთელი.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედაგად დაიღუპა 11 ადამიანი, 10 საქართველოსა და 1 ირანის მოქალაქე, საავადმყოფოში გადაიყვანეს 21 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.