უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისა და უკრაინული პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის" წარმომადგენლის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. როგორც საყვარელიძე Facebook-გვერდზე წერს, სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.
„უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, „ახალი ძალების მოძრაობის" პრესსამსახური სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ამჟამად სამართალდამცავები „კარვების ქალაქს" უტევენ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კარვების აღებას არ აპირებენ.
სააკაშვილის დაკავების შესახებ Facebook-ით იტყობინება უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო. როგორც იგი აღნიშნავს, ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით სამართალდამცველებმა სააკაშვილის ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს და დააკავეს.
ლუცენკო მიუთითებს, რომ იგეგმება საგამოძებო მოქმედებების ჩატარება და სასამართლოსთვის მიმართვა.
როგორც დავით საყვარელიძემ „რუსთავი 2-თან" ჩართვაში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა და კარვიდან ერთ-ერთ ბინაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. „შეუძლებელია, რომ ამ კალიბრის ადამიანი მუდმივად იმალებოდეს და ეს [დაკავება] მოსახდენი იყო. ეს ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია და ამასაც ვაჟკაცურად გადავიტანთ. ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებ, არ ინერვიულოს, ყველაფერი კარგად იქნება. კარგ ფორმაში ვართ და ეს პირიქით დაამტკიცებს იმას, რომ ჩვენი ბრძოლა გამართლებულია. ეს ყველაფერი [უკრაინის ხელისუფლების მოქმედებები] სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშრდება", - ამბობს საყვარელიძე.